logo
ENG



ვოლსკის თქმით, აუდიოჩანაწერებზე გამოძიება არ უნდა დაიწყოს, რადგან "ყველამ ყველაფერი იცის"

08 მარ 202116:21
3 წუთის საკითხავი
 
ვოლსკის თქმით, აუდიოჩანაწერებზე გამოძიება არ უნდა დაიწყოს, რადგან "ყველამ ყველაფერი იცის"

მმართველი გუნდის წევრი გია ვოლსკი რუსთავის 2-ის ეთერში აცხადებს, რომ პროკურატურამ ბერას შესახებ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება არ უნდა დაიწყოს. პარლამენტის ვიცე სპიკერი აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების დროს სპეციალური დავალება იყო გაცემული, რომ "პატარა ბერა წყობიდან გამოეყვანათ".

ვოლსკი ამბობს, რომ ოპოზიციას სურს სიტუაციის არევა და ამიტომ აგინებენ ბერას. 

"მე მგონია, რომ არ უნდა დაიწყოს (აუდიოჩანაწერზე გამოძიება), იმიტომ, რომ ყველამ ყველაფერი იცის. დაავალეს მაშინ, რომ ეგინებინათ პატარა ბერა, რომ როგორმე წყობიდან გამოეყვანათ. არავინ ამისთვის არ დასჯილა, არაფერი შედეგი არ მოუტანია, რაიმე ვინმესთვის ცუდი. დღეს დავალება აქვთ, რომ ისევ აგინონ ბერას - მას მერე, რაც ოჯახი ყავს, ბავშვი გაუჩნდა, იქნებ ისევ რაღაც მოიგონონ, ამითი არიონ სიტუაცია. ისევ დავალებული აქვთ, რომ მოიგონონ როგორ ჩაუჯდა ვიღაცა მანქანაში და მოდით რა, არ შეაგინოთ", - აღნიშნავს ვოლსკი.

მისი თქმით, დანაშაულია, როდესაც არასრულწლოვანს უსმენენ.

"ვთქვათ, რომ მივიდეს დაცვის წევრი და მოსინჯოს, არის თუ არა საფრთხის შემცველი იმ ადამიანის გინება და მუქარა, რომელმაც ეს კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა, ეს რომ მოიძიონ და არავის არაფერი დაუშავდეს, განსხვავებით იმისა, როგორ ხოცეს ახალგაზრდები ქუჩაში და დღეს ახალგაზრდების გამოყვანა უნდათ და იმიტომ მოიგონეს ეს სისულელე და ამაზე პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოსო, როგორ გითხრათ?" - აცხადებს ვოლსკი.

ტვ პირველის გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი, სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.

ჩანაწერი მოიცავს კიდევ რამდენიმე საუბარს ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, რომელშიც მონაწილეები ბერას შეურაცხყოფის გამო მსგავსი ანგარიშსწორების რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ და განიხილავენ.

ჩანაწერში ბერა ივანიშვილი ელაპარაკება სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს. ირკვევა, რომ ის ბერას მითითებებს ასრულებდა და არასრულწლოვნებს, რომლებიც ივანიშვილს მისთვის მიუღებლად მოიხსენიებდა, პირადად ემუქრებოდა. 

ქართულ ოცნებას არ უარუყვია, რომ ჩანაწერი ავთენტურია, ისინი აქცენტს საუბრის დროზე აკეთებენ და ამბობენ, რომ ის 2010-2011 წლებშია გაკეთებული.  


close დახურვა